დონალდ ტრამპი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომლის გამოსახულებაც 1-დოლარიან მონეტაზე გამოჩნდა

დონალდ ტრამპი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომლის გამოსახულებაც 1-დოლარიან მონეტაზე გამოჩნდა

ოთხშაბათს აშშ-ის ზარაფხანამ 1-დოლარიანი მონეტა გამოუშვა, რომელზეც ტრამპის გამოსახულებასთან ერთად დატანილია ტრადიციული წარწერები: LIBERTY (თავისუფლება) და IN GOD WE TRUST (ღმერთის გვჯერა).

სპეციალური გამოშვება ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების 250 წლის იუბილეს ეძღვნება. ზარაფხანის განცხადებით, ეს საკოლექციო მონეტა ასახავს „იმ ერის სულს, სიამაყესა და მემკვიდრეობას, რომელიც ისტორიულ იუბილეს უახლოვდება“.

უწყების შეფასებით, „თაობებში ერთხელ შექმნილი ეს დიზაინი თანამედროვე კოლექციების გამორჩეული ნაწილი გახდება“. ახალი მონეტები გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე საათში სრულად ამოიყიდა.

მათი შეძენა შესაძლებელი იყო ზარაფხანის ვებგვერდზე - 25-ცალიანი შეკვრა 61 დოლარად, ხოლო 100-ცალიანი ტომარა 154.50 დოლარად იყიდებოდა.

გარდა ამისა, მონეტები ვაშინგტონში, ზარაფხანის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ აპარატებშიც იყიდებოდა. მიუხედავად ოქროსფერი იერისა, 1-დოლარიანი მონეტა ძვირფას ლითონს არ შეიცავს. ოფიციალური მონაცემებით, იგი 88.5% სპილენძისგან შედგება, ხოლო დარჩენილ მასას თუთია, მანგანუმი და ნიკელი შეადგენს.