კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს 100 წელს მიღწეული ადამიანებისთვის ფულად კომპენსაციას.
„გილოცავთ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, ირგვლივ გყავთ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ჩვენ უფროს თაობას განსაკუთრებით ვაფასებთ და პატივს ვცემთ, თქვენი მრავალწლიანი შრომა ფასდაუდებელია. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა“, რაც გვაძლევს საშუალებას, გადაგიხადოთ მადლობა და მცირედით მაინც დაგიფასოთ თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე,”- განაცხადა კახა კალაძემ.
შოთა ქელეხსაშვილმა თბილისის მერს საიბულეო თარიღის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობას დღეგრძელობა უსურვა.
„მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ღმერთმა ქნას, ყველას ჰქონდეს ჩემსავით ხანგრძლივი ცხოვრება. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უკრაინაში მომიწია მუშაობა. მონაწილეობას ვიღებდი ქარხნების მშენებლობაში. ამჟამად, ჩემს შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ვცხოვრობ. დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს სახლის საქმეებშიც შეძლებისდაგვარად ვეხმარები“, - აღნიშნა შოთა ქელეხსაშვილმა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში შოთა ქელეხსაშვილს 10 000 ლარი ჩაერიცხება.
10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.
მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში დამატებით საჭიროა იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.
ფულადი დახმარება ირიცხება ხანდაზმული პირის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს მერიის აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.
დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.