მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.
მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი.
„გამოძიება როდესაც მიმდინარეობს, საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამ გარემოების დადგენის ყველაზე კარგი, მაღალკვალიფიციური ინსტრუმენტი. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ეს ტალღა, რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც რაღაც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი.
საბედნიეროდ, მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა იქნეს ყურადღებით გამოძიებული ყველა ეს გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გამოძიება აბსოლუტურად სრულფასოვნად ჩატარდება, ყველაფერი კეთდება ამისთვის და ამ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა, ვისაც ბრალი მიუძღვის. ყველა მკაცრი მოქმედება განხორციელდება, რაც სამართლებრივთან თავსებადი იქნება, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს ამ გამოძიებამ, ძალიან სწრაფად შეიძლება, რომ ყველაფერზე პასუხი გვქონდეს. ასეთია ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა სარჯველაძემ.