ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს.
ზელენსკიმ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „აგრესიისთვის და არა საუბრის შესაძლებლობისთვის“ დაწესდა.
„გარკვეული სანქციების მოხსნის პროცედურა არსებობს. სანქციები რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ჩვენი საზღვრების გადაკვეთის, უკანონო ოკუპაციისა და მკვლელობების გამო დაწესდა. სწორედ ამისთვის დაწესდა სანქციები. ამიტომ, სანქციების მოხსნა მხოლოდ ომის დასრულებას, დიპლომატიას, სახელმწიფოს აღდგენის გაგებას და უსაფრთხოების გარანტიებს შეგვიძლია დავუკავშიროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რთული იქნება რუსეთისთვის სანქციების თავიდან დაწესება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მოხსნილია.
„ჩემი აზრით, სანქციების გარეშე და სამმხრივ ფორმატში დარჩენით, შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც არაფერია ნათელი. რა მოხდება შემდეგ? სანქციები უკვე მოხსნილია. ვის აქვს ის ძალა, რაც ომის დასაწყისში გვქონდა, რომ ხელახლა დავაწესოთ ყველა ეს სანქცია, გავაერთიანოთ ხალხი ისე, რომ მთელ მსოფლიოში 20-ზე მეტი პაკეტი იყოს? ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.