შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან
ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს ელოდება დიალოგის მაგიდასთან, თუმცა ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა ევროპის.
ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, სამწუხაროდ იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში ჩვენ პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებმაც ქცევიდან ვერ ამოიღეს საბჭოური ქცევები და გაემიჯნნენ მათ, მაგრამ წამოიღეს ის მეთოდები, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ზომით პატარა ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.