კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის სერჟანტ როინ შავაძეზე საუბრობს, არის პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით.
ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, ხალხის მოპარვა და შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ხსენებული განცხადება იყო პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით.
„მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.