არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან უწევს ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა, რასაც კადრულობდა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე წარმომადგენელი
მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან უწევს ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა, რასაც კადრულობდა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე წარმომადგენელი. თურმე, სისტემური და სისტემატური წამება პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდებოდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მან იმ საკითხებზე, ისაუბრა, რომლებზეც მისი შეფასებით, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე სიცრუე გააჟღერეს.
„ჩვენ მოგვეჩვენა თურმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, თურმე ბუნებაში არ არსებულა, მოგვეჩვენა რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, სპეციალური ეტლის გამოყენება სჭირდება. ჩაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც მკვდარზე, გარდაცვლილი ადამიანის გვამზე დააბეს და ამ ყველაფერზე ანა წითლიძე საუბრობდა, რომ თურმე ეს ყველაფერი მოგვეჩვენა და არ ყოფილა. თურმე არც ქონებები ჩამოურთმევიათ არავისთვის, არც ტელევიზიები ჰქონიათ მიტაცებული. „რუსთავი 2“-ის საქმეზე საერთოდ ის თქვა, რომ არ ჰქონიათ მიტაცებული", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებაზე, რომელიც დღევანდელ სხდომაზე ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ გაკეთდა.
„ასევე, მტკნარი ტყუილი თქვა, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღიარა, დასკვნაში წერია, რომ თავისუფალი და თანასწორი არ ყოფილა არჩევნებიო. ამ შეფასებას ეუთო/ოდირი 1997 წლიდან აღარ იყენებს.
ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, რომ როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, ტყუილია, ასეთი ცვლილება კანონში არ წერია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად არ ხდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.
საკანონმდებლო ცვლილებებში გაწერეს, რომ გაუქმებული პარტიის ქონება გადადის სახელმწიფო ხაზინაში და ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს გააკეთაო. ტყუილია, ასეთი ჩანაწერი ამ კანონის მიღებისთანავე, ანუ 1996-1997 წლიდან არსებობს, 30 წელია, ეს ჩანაწერი არის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვაბრალებს", - აღნიშნა გორდულაძემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
„გვაბრალებს, პენიტენციურ დაწესებულებებში თითქოს ადამიანები გააუპატიურესო და ერთ-ერთი ადამიანის განცხადებები და მის გარშემო მთელი ინსინუაციები, რაც საზოგადოებამ იხილა, ეს მაგალითად მოჰყავს, მაშინ როდესაც სახალხო დამცველი, პროკურატურა, ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ ყოფილა.
ისევ და ისევ ოჩიგავას საქმეზე - სტრასბურგის სასამართლომ შემაჯამებლად თქვა, იმდენი საქმეა შემოსული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ადამიანების „ფუქსებში“ მოთავსების, გვამებზე დაბმის, რომ სისტემა არსებობდა, რომელიც ადამიანებს აწამებდაო.
ახლა ანა წითლიძე გამოდის და ამბობს, ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვერაცხება და ვერ ვიქნებით ასოცირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წამებასთან, ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართო. ამას კადრულობს და ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. როდესაც სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაშინ იწყებ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით არავის გასვლია. ერთი მცდელობა 1940-იანი წლების ბოლოს გაუქმებულ პარტიას და მის ერთ-ერთ იდეოლოგს, გებელსს სჩვეოდა და ჩვენ გებელსისეული პროპაგანდის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გადმოტანის მცდელობა ვნახეთ ქალბატონი ანი წითლიძისგან, ბატონი ლევან ბეჟაშვილისგან“, – განაცხადა გორდულაძემ.