ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - კულტურის ხიდი მსოფლიოსთან - საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს
2026 წლის 21-25 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ გამართავს.
წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და წარმოადგენს ერთადერთ კულტურულ პროექტს, რომელსაც UNESCO-ს უწყვეტი პატრონაჟი აქვს მოპოვებული.
ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი გადაიქცევა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების ცენტრად, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.
ფესტივალის იდეა აერთიანებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, ახალგაზრდა ტალანტებს, მრავალფეროვან ქართულ ფოლკლორს და წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას მომავალი შემოქმედებითი განვითარებისთვის.
2026 წლის ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საფორტეპიანო და სავიოლინო მასტერკლასებს. ნორჩ მუსიკოსებს საქართველოს რეგიონებიდან შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ საშემსრულებლო უნარები და მიიღონ გამოცდილება ცნობილი მუსიკოსებისაგან.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა და საფრანგეთის ლეგიონის ორდენოსანმა ელისო ბოლქვაძემ.