უკრაინული მედია: „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს
„საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის განკუთვნილ დოკუმენტებში არ იგეგმება კონკრეტული ვადების მითითება, თუ როდის უნდა დაასრულონ ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების საპარლამენტო-საკანონმდებლო პროცესი.
„ამ ეტაპზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების სავარაუდო დასრულების არანაირი თარიღის დადგენა არ იგეგმება“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.
სხვა წყარომ დააზუსტა, რომ გაფართოების პაკეტის გამოქვეყნებამდე დარჩენილ კვირაში „საგზაო რუკების“ ფორმირებისადმი მიდგომები შესაძლოა შეიცვალოს, რის გამოც „ამჟამად არცერთი ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ“.
ევროკომისია გაფართოების ყოველწლიური პაკეტის წარდგენას ოთხშაბათს, 4 ნოემბერს გეგმავს.
Європейська правда-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ მოლაპარაკებების 2029 წლის ბოლოს დასრულებას ითვალისწინებდა.