მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა

მერაბ გამყრელიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესთან, დავით არდაზაშვილთან ერთად, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამსახურის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვისა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

მერაბ გამყრელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტსა და დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას.

„რეგიონულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრების მიზანია არსებული მდგომარეობის შეფასება, თანამშრომელთა წინაშე არსებული საკითხების განხილვა და საქმიანობის გაუმჯობესების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი შესრულება, პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაცვა და სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების შედეგზე ორიენტირებულად განხორციელება“, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი მოადგილესთან, დავით სადაღაშვილთან ერთად ესწრებოდა.