ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება.
თუმცა, ძალიან კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას. პროკურატურა თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს. ჩვენ მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან აცილება გავაკეთეთ, რათა ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.



