პაატა სალია პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე: ალტერნატიული სასჯელების, პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
„იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს იმას, რომ კანონით გასამართლებული ადამიანების და ბრალდებული პირების თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვით. ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა არ არის ის, თუ რამდენი მსჯავრდებული თუ ბრალდებული მოხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს აქვს გარკვეული მექანიზმები, რაც ხელს უწყობს მათი რაოდენობის შემცირებას. ალტერნატიული სასჯელების, პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საბჭოები და თუ შარშან იყო ვადაზე ადრე გათავისუფლების, დაახლოებით, 130 შემთხვევა, წელს უკვე 900-ზე მეტი შემთხვევა პირველი 9 თვის მონაცემებით და ზრდა მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რაოდენობის შემცირებისათვის სხვადასხვა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა გრძელდება.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ პატიმართა ოდნავ მეტი რაოდენობა პერიოდულად მხოლოდ ორ ან სამ დაწესებულებაში ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ გადატვირთულობისაგან, რაც 2012 წლამდე პერიოდში იყო:
„5-კაციან საკანში იყო 50-60 პატიმარი და ეს დადასტურებულია დოკუმენტურად. არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ იმ გადატვირთულობასა და დღეს არსებულ გადატვირთულობას შორის. CPT-ის სტანდარტით დადგენილია, რომ ერთ პატიმარზე უნდა იყოს გამოყოფილი 4 კვ.მ, და იმ დაწესებულებებში, სადაც ჩვენ დადგენილ სტანდარტზე მეტი პატიმარი გვყავს, დაახლოებით, 3,5-3,3 კვ.მ-ია 1 პატიმარზე. ეს არ არის არსებითი, მნიშვნელოვანი გადატვირთულობა.ტოლობის ნიშნის დასმა წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ გადატვირთულობასა და ახლა არსებულ გადატვირთულობა შორის ცალსახა სპეკულაციაა და ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, ესეც გამოწვევაა და პრობლემაა და ამის დაძლევაზეც მუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა აღარ იარსებებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.



