პაატა სალია: დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში დადებითი და პოზიტიური გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი. ვერ შექმნიან ილუზიას, თითქოს რაიმე სისტემური ხასიათის პრობლემებს აქვს ადგილი. ამის უფლებას არ მივცემთ

პაატა სალია: დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში დადებითი და პოზიტიური გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი. ვერ შექმნიან ილუზიას, თითქოს რაიმე სისტემური ხასიათის პრობლემებს აქვს ადგილი. ამის უფლებას არ მივცემთ

„თუ ადამიანი ვერ ხედავს განსხვავებას იმ სისტემაში, რაც იყო 2012 წლამდე და რაც გვაქვს დღეს - ეს მხოლოდ მიზანმიმართულად ხდება. რა თქმა უნდა, საუბარი არის გამოწვევებზე, მაგრამ დადებითი და პოზიტიური გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი და ეს ვერ დაჩრდილავს, ვერ შექმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს რაიმე სისტემური ხასიათის პრობლემებს აქვს დღეს ადგილი პენიტენციურ სისტემაში. ამის ილუზიას ნამდვილად ვერ შექმნიან და ამის უფლებას არ მივცემთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2”-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე პატიმართა რეაბილიტაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენთან დანერგილი არის ძალიან ბევრი პროგრამა პატიმრების რეაბილიტაციის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის კუთხითაც კარგი შედეგები გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იდეალური სიტუაციაა. იდეალური სიტუაცია არსად არ არის. თუმცა მუდმივი პროგრესის, მუდმივი განვითარების მდგომარეობაში ვართ. სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს, გამოწვევებს გეგმაზომიერად მივყვებით, ვასწორებთ და ჩვენი ამოცანაა, სახალხო დამცველის ანგარიშში არ მოხვდეს ის ხარვეზი, რაც წინა წელს იყო. ამ მხრივაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მართალია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, არ ვეთანხმებოდეთ ანგარიშში აღწერილ გარკვეულ ხარვეზებს, თუმცა ამაზეც გვაქვს ჯანსაღი დისკუსია და საუბარი, თუ რა შეიძლება გამოსწორდეს და რა ვერ შეიძლება იყოს სხვაგვარად ფიზიკურად და ობიექტური მიზეზების გამო. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პროგრესი საგრძნობია. ჩვენ ღია ვართ, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მედიასთან და არ დავმალოთ ინფორმაცია, ვისაუბროთ პრობლემებზეც და მიღწევებზეც და ობიექტურად დავანახოთ საზოგადოებას, თუ როგორ განვითარდა პენიტენციური სისტემა და საით მივდივართ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.