იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში
„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი.
„პროკურატურის რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს მიმართ ან პირადად გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ აქ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს. აუცილებელია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.
ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამას. ერთ-ერთი მოტივი საქმის გადაცემისა იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა არ იძიებდეს მის დაქვემდებარებაში არსებულ ხელმძღვანელ პირთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან მისი სახელი ნახსენები იყო.... ახლაც აქტიური საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს... იმედი მაქვს, რომ, გარკვეულწილად, პირველადი კონტურები, ალბათ, მალე გამოიკვეთება და გვეცოდინება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი“, - განაცხადა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.



