კოლხეთის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია მონაწილეობდა. გამარჯვებული ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.
კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. იგი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს აერთიანებს და განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.
პარკი ვიზიტორებს კოლხეთის უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ, კატერით ან პონტონით იმოგზაურონ პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე და დააკვირდნენ ფრინველთა მრავალფეროვან სახეობებს.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში წარმატებული საქმიანობისა და გამორჩეული მიღწევების წარმოჩენას.



