გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მოქალაქე სოფელ თაზაქენდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა.

ბრაკონიერს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 26 კილოგრამზე მეტი თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2026 წლის 9 თვეში მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის 52 ფაქტია გამოვლენილი.