გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა - რეალურად მათ ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემით სარგებლობს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე კი არ გამოთქვა, არამედ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტს ეხმარებოდა, რათა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გადაეხადათ.
კახიანის განმარტებით, რეალურად ოპოზიციის წარმომადგენლებს ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
„ბატონმა გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ სინანული გამოთქვა იმაზე, რომ თურმე ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა მაშინ ბიუჯეტს, რომელიც ფაქტობრივად იყო გაღლეტილი, რომ ხელფასები გადაეხადათ, მაგალითად, პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე მან, როგორც ჩანს, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის - უამრავი პროექტი და პროგრამა, რომელიც მის მიერ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს ანაღვლებთ მათ რეალურად: ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და იგი ჩვენი საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობს,“ - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განაცხადა: „[წინა ხელისუფლებას] ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“.



