საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.



