სულხან თამაზაშვილი: ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა

კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში.

„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.