ქეთევან ბაკარაძე: ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს
თქვენ 2022 წელს აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფიც არ იყავით! მოტივიც არ იცოდით, თუ რატომ უნდა ჩასულიყავით იქ, თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ მანდატით ჩახვიდოდით - ამასობაში ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი მოხდა - მაინტერესებს, რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან და კონკრეტულად რა ლოკაციაზე? - ამ შეკითხვით ირაკლი კობახიძეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა ქეთევან ბაკარაძემ მიმართა.
ბაკარაძემ აღნიშნა, რომ სუს-ის ანგარიშში ბორდერიზაციის 60 და ადამიანის გატაცების 70 ფაქტია ასახული. შესაბამისად, მან პრემიერს კითხვით მიმართა, თუ რა ინსტრუმენტით და მექანიზმით შეუძლია ბორდერიზაციის შეჩერება.
“თქვენ საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმას დანაშაულად აცხადებთ. საუბარი მაქვს ჩორჩანას ეპიზოდზე. ამ ფონზე არაერთი საპოლიციო საგუშაგო უნდა დაგედგათ. ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს, რაც დანაშაულია. როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს.
ანგარიშში წერთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას უთმობთ. კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელეთ სირიასა და ვენესუელაში რეჟიმების ცვლილების შემდეგ, რათა მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაეღოთ?
როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები დაძაბულია და კრიზისშია, რა კონკრეტული მექანიზმი გაქვთ არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად?“ - მიმართა ბაკარაძემ ირაკლი კობახიძეს.