გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 32 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი გამოვლინდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ამოიღეს ნადირობის 298 აკრძალული საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიურად გამოყენება, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.