საქსტატი – 2026 წლის პირველ ნახევარში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა, ამავე პერიოდში ქვეყანაში 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 4 715 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა. ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით. რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა.