პარტია „ლელომ“ 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

პარტია „ლელომ“ 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს, იქნება ეს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თუ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების განცხადებით, მათთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა.

წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს იმერას, ბარეთს, საბეჭისს და ლივადს, „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი „ძლიერისაქართველო-ლელოს“ კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იქნება.

„არცერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ მარტო და არცერთი ადამიანის ინტერესს არ დავთმობთ. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ ტოვებს ბრძოლის არცერთ ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და, რა თქმა უნდა, არჩევნებში“, – განაცხადეს კოალიციაში.