ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით
ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის გამოხატულება იყო მის მიმართ დასმული შეკითხვების შინაარსი.
„მაგალითად, აინტერესებდათ, თუ რით განსხვავდებოდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა იმისგან, რასაც დღეს აკეთებს ზოგიერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია.
მხედველობაში ჰქონდათ ციხეებში ნაცემი და ნაწამები პატიმრების აქტიური დაცვა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან, შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
კითხვა ეხებოდა იმას, რომ ჩვენც გადავცემდით საერთაშორისო ორგანიზაციებს ციხეებში ნაწამები ადამიანების სიებს და ახლაც იმავეს აკეთებენ დღევანდელი არასამთავრობოებიო.”- აღნიშნავს კაკაბაძე.
მისივე თქმით, “განსხვავება კი არა, კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებს, ხელისუფლების დამხობას, სახელმწიფოს ჩამოშლას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. “
კაკაბაძის თქმითვე, მათი სტანდარტით, დასავლეთში შეიძლება შეიზღუდოს უცხო ქვეყნებიდან უკონტროლო ფულის შემოდინება სახელმწიფოს შიგნით, დაწესდეს კონტროლი ინტერნეტ მედიაზე. ჯარიმა ან პატიმრობაც კი დაეკისროს სიძულვილის ენის გამოყენებით მოქალაქეზე თავდამსხმელს. მაგრამ თუ ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება დააპირებს, ეს მაშინვე უნდა შეფასდეს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიულ, დიქტატორულ და პრორუსულ ქმედებებად.
“მათ თავისებურად ესმით არასამთავრობოების უფლებადაცვითი საქმიანობა, დაუწერელი თუ დაწერილი კანონები, რომლებიც უფლებადამცველს ავალდებულებს იყვნენ ნეიტრალურები და არა პოლიტიკაში ჩართული მხარე.
ამის მაგივრად, მათ ნორმალურად მიაჩნიათ უფლებადამცველების მიერ მიტინგების გამართვა პოლიტიკური (მათ შორის, ძალაუფლების მათთვის გადაცემის) მოთხოვნებით, უცხოური ფონდებით დაფინანსებული ფულით სახელმწიფო და კერძო შენობების დაწვა, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, ამ ყველაფრისათვის საჭირო საშუალების შეძენა, მარაგების გაკეთება და ა. შ.
ისინი თითქოს ვერ ხედავენ განსხვავებებს ამ ყოველივესა და იმ დამოკიდებულებას შორის, რომელიც ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, კრიმინალური შინაარსის მქონე მოწოდებები და ბოლოს, კრიმინალური ქმედებები, საბოტაჟი, გადამწვარი პარლამენტის ოთახები, ცეცხლმოკიდებული პოლიციელები, მოწოდებები საჯარო მოხელეებისადმი, რომ უღალატეთ სახელმწიფოს და თანხის სანაცვლოდ გადმოდით ჩვენ მხარეს - მათი გაგებით, ეს ყოფილა პოლიტიკური ბრძოლის კანონიერი ფორმა, ვინაიდან ეს ყველაფერი საჯაროდ კეთდებოდაო.
კიდევ უფრო გამაოგნებელია, როცა ამას ისმენ იურისტი ადვოკატებისგან და ფიქრობ, რომ ეს ხალხი, ისევე როგორც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები, ყველა გზას დასაშვებად მიიჩნევენ მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი ხელისუფლების დამხობის გარედან მიღებული დავალების შესრულებაა.
როდესაც დასავლეთზე და იქაურ დემოკრატიაზე საუბრობენ, ისინი მხოლოდ ზედაპირულად და ცალმხრივად აფასებენ იქ დამკვიდრებულ წესებს და არ უნდათ დაინახონ, რომ იქაური დემოკრატია სწორედ იმიტომ მუშაობს წარმატებულად, რომ სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებული მკაცრი წესები, კანონები არეგულირებენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების,ასევე თვითოეული კონკრეტული მოქალაქის ღირსების და თავისუფლების დაცვას.
მათი სტანდარტით, დასავლეთში შეიძლება შეიზღუდოს უცხო ქვეყნებიდან უკონტროლო ფულის შემოდინება სახელმწიფოს შიგნით, დაწესდეს კონტროლი ინტერნეტ მედიაზე. ჯარიმა ან პატიმრობაც კი დაეკისროს სიძულვილის ენის გამოყენებით მოქალაქეზე თავდამსხმელს. აიკრძალოს კონკრეტული ანტიდემოკრატიული ქმედებების თუ მოწოდებების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიები, აიკრძალოს საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება, პარლამენტის შტურმის მონაწილეებისთვის აშშ-ში შეიძლება მრავალწლიანი პატიმრობის მისჯა და ა. შ., მაგრამ თუ ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება დააპირებს, ეს მაშინვე უნდა შეფასდეს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიულ, დიქტატორულ და პრორუსულ ქმედებებად.
ამის საფუძველზე კი უნდა მოხდეს ხელისუფლების დემონიზაცია, რათა გზა გაეხსნას მის წინააღმდეგ ნებისმიერ გზით დამხობის მცდელობის “გაპრავებას”.
სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ის, რომ რითაც ეს "პოლიტიკოსები" საჯარო გამოსვლებში თავს იწონებდნენ საკუთარი წვლილით საქართველოს ხელისუფლების
მომხრეების დასანქცირებაში, ამაყობდნენ, რომ ეს სწორედ მათი დამსახურებაა, გუშინ, ჩემი დაკითხვისას, კატეგორიულად უარყოფდნენ თავისივე საჯარო გამონათქვამებს და ამბობდნენ, ჩვენ არ მოვითხოვთ უცხოელებისგან ხელისუფლების და მათი მომხრეების დასანქცირებასო.
დღეს ისინი ასევე უარყოფენ, რომ საჯარო გამოსვლებში მოუწოდებდნენ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ (4 ოქტომბერს დამხობისკენ მოწოდება ძალადობრივი არ იყო, “ნებაყოფლობით” უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ძალაუფლებაო), ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების შემდეგ პარალელური სტრუქტურის შექმნას “ლეგიტიმური” სალომეს თამადობით ანუ ალტერნატიული ხელისუფლების ჩამოყალიბებას (ხაზარაძის ინიციატივა), რუსეთისათვის სანქციების დაწესებას და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზებას, მასობრივ გაფიცვებს, ძლოვანი სტრუქტურების წევრებისთვის ასიათასობის დოლარის სანაცვლოდ ოპოზიციის მხარეს გადასვლას, “უღირსი მშვიდობის” ნაცვლად ბომბებისთვის “ღირსეულად” თავის შეშვერას და ა. შ.
ახლა ამ ყველაფერს ისე უარყოფდნე, თითქოს ეს არც არავის ჰქონოდა გაგებული მათი გამოსვლებიდან. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ თავის დროზეც ძალიან კარგად იცოდნენ ამ განცხადებების შინაარსში შემადგენელი დანაშაულის ნიშნები, მაგრამ მაშინ არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ფიქრობდნენ, დღეს თუ არა ხვალ, ხელისუფლება ემხობა და ამაზე პასუხს არავინ მოგვთხოვსო, დღეს კი, როდესაც რეალურად დადგა ამ ყველაფრისთვის მათი პასუხისგებისა და დაპატიმრების საკითხი, ამისათვის მზად არ აღმოჩნდნენ და ცდილობენ თავი დააღწიონ კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას...
ეს ხალხი ნაკლად მიიჩნევდნენ იმას, რომ პროკურატურაში შეტანილი ჩვენი საჩივარი ეყრდნობოდა მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს და ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო მტკიცებულება.
თურმე საჯაროდ გაკეთებული განცხადება არ შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს თუ მათ არ ახლავს რაიმე სახის მტკიცებულებაო.
უმეცრების პიკი იყო იურისტებისგან იმის მოთხოვნა, რომ ჩვენს 5 კაციან ჯგუფს უნდა წარგვედგინა იურიდიული მტკიცებულებაც, რის მოსაპოვებლადაც ჩვენ შესაბამის ორგანოს (პროკურატურას) მივმართეთ.
ბუნებრივია ჩვენთვის შეუძლებელი იყო ამ გამონათქვამების ავთენტურობის დადგენა და მასზე ექსპერტებისა და იურისტების ბეჭდით ავთენტურობის დადასტურება. ნუთუ იმდენად უვიცები არიან, რომ ერთმანეთისგან ვერ არჩევენ დასაბუთებული ვარაუდსა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტებს?
სავარაუდოდ ძალიან კარგად იციან მაგრამ ცდილიბენ შეგნებულად შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.
ხალხის შეცდომაში შეყვანის კლასიკური მაგალითი იყო ლელოელი ადვოკატის ლევან სამუშიას მიერ გავრცელებული ცილისწამება, რომ თითქოს მე დაკითხვისას მეთქვას, ზვიადმა თავის თავი დაიმხოო.
ისტორიული ფაქტია, რომ მრგვალი მაგიდა გაიხლიჩა და მისმა ერთმა ნაწილმა (თენგიზ სიგუა კიტოვანმა, გიორგი ხოშტარიამ, მურმან ომანიძემ, ბესიკ ქუთათელაძე და სხვებმა) მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილი დაამხო, რაც მე სწორედ ფაქტად დავასახელე.
ხოლო თუ სამუშია ან სხვა ისე იგებს, რომ თითქოს ამით მეთქვას, ზვიადმა თავისი თავი დაიმხოო, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი.
სასაცილოა ისიც, რომ ამ სიცრუის ინტენსიურად გავრცელებას, “ლელოს” შეფი, მის მიერ ხალხის ნაძარცვი ფულით დაარსებული პროპაგანდისტული მედია საშუალებებით ახდენს.
ასეთი მენტალობისა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ხალხი საკუთარი ინტერესებისათვის უცხოელებთან თანამშრომლობას ადარებს ციხეში ნაწამებ ადამიანების სიცოცხლისა და ღირსების გადასარჩენად თანამშრომლობას უცხოურ უფლებადაცვით ორგანიზაციებთან.
კიდევ უფრო მძიმედ მისაღები იქნება ის, თუ ეს ადამიანები მართლა ვერ ხედავენ განსხვავებას ამ ორ თანამშრომლობას შორის.
ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საშიშ მოვლენად უნდა შეფასდეს ისიც, რომ მათი კრიმინალური გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ხელისუფლების დამხობისა თუ ჩამოშლის შემდეგ (ღმერთმა დაიფაროს), ყველაზე დიდი შანსი ხელისუფლებაში დაბრუნებისა ასეთი კატეგორიის და აზროვნების ხალხს აქვთ.
მათი მარტივი და პრიმიტიული ლოზუნგის (“გარედან - სანქცია, შიგნით - აქცია!”) მთელი ფილოსოფია ხომ მხოლოდ ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში აღებაა.
რადგან მათი რიტორიკით, ხელისუფლება უკვე დემონიზებულია, მის წინააღმდეგ ყველანაირი ბრძოლის მეთოდების გამოყენება გამართლებულია და რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით.
ყოველივე ამის მთავარი მიზანი კი ძალაუფლების ხელში ჩაგდების და მართვის სადავეების უცხო ძალებისთვის გადაცემის დაუოკებელი სურვილშია, ვინაიდან ყურმოჭრილი მონების ხელისუფლებაში მოსვლა, სწორედ გარედან წახალისებული და დაფინანსებულია“, - წერს კაკაბაძე.