თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-ის საელჩომ უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული, ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს და მსგავსი კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს

თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-ის საელჩომ უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული, ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს და მსგავსი კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს

აშშ-ის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. კითხვა თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

თენგიზ შარმანაშვილს დაუსვეს კითხვა „რადიო თავისუფლების“ მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ კომენტარზე, სადაც გამოთქმულია შეშფოთება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.

„აშშ-ის საელჩომ კონკრეტულად უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული. მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს, პირდაპირი გინებაც არ ყოფილა, გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს – არა, მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს – არა, ეს დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის ზღვარი სასამართლო პრაქტიკით დგინდება.

„მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განმარტოს თავისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებები თუ არასწორად განიმარტება ეროვნული სასამართლოების მიერ, საჩივრდება სტრასბურგში, რომელიც აკეთებს საბოლოო რევიზიას და ადგენს, სწორად განიმარტა თუ არა. ასე რომ, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვარის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, – განაც ხადა თენგიზ შარმანაშვილმა.