დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

მისი თქმით, საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრში კვლავ ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებაა და არა ომის ესკალაცია.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რესეთ-უკრაინის ომის მთავარ მონაწილეებს აღარ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ მხოლოდ სამხედრო გზით შეძლებენ საკუთარი მაქსიმალური მიზნების მიღწევას.

„ტრამპისა და ზელენსკის დღევანდელმა შეხვედრამ არც სამშვიდობო შეთანხმება მოიტანა და არც რაიმე სენსაციური გადაწყვეტილება. თუმცა მისი მთავარი შედეგი სხვაგან უნდა ვეძებოთ: დიდი ხნის შემდეგ, საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრში კვლავ არა ომის ესკალაცია, არამედ ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიება აღმოჩნდა. Patriot-ის პროგრამის შემდგომ განვითარებასა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე მიღწეული შეთანხმებებიც კი თან ახლდა პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობაზე საუბარს და არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელებაზე.

ამის მიზეზიც გასაგებია. კონფლიქტის არცერთ მთავარ მონაწილეს აღარ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მხოლოდ სამხედრო გზით შეძლებს საკუთარი მაქსიმალური მიზნების მიღწევას. რუსეთს არ სურს ომის დასრულება იმ პირობებით, რომელსაც სტრატეგიულ მარცხად მიიჩნევს, თუმცა მისთვისაც ომის გაგრძელების ფასი მუდმივად იზრდება. უკრაინა სამართლიანად შიშობს, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ რუსეთს მისცემს ძალების აღდგენისა და ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების შესაძლებლობას. ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ ამ სცენარს უფრთხის, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო აშკარად ცდილობს კონფლიქტის სამხედრო სივრციდან დიპლომატიურ ფორმატში გადაყვანას. ჩინეთი კი ობიექტურად დაინტერესებულია გლობალური დაძაბულობის შემცირებით, რადგან გაჭიანურებული ომი ზიანს აყენებს მსოფლიო ვაჭრობასა და საერთაშორისო ეკონომიკას.

სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყაზახეთის პრეზიდენტ ტოკაევის ახლახან გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც პუტინის თანდასწრებით გაჟღერდა. სახელმწიფოს მეთაურები მსგავს მოწოდებებს იშვიათად აკეთებენ სპონტანურად. შესაძლოა, ასტანა ერთგვარ დიპლომატიურ „საზომად“ გამოიყენეს, რათა მოსკოვის, ვაშინგტონისა და სხვა საერთაშორისო მოთამაშეების რეაქცია ცეცხლის შეწყვეტის იდეაზე ჯერ კიდევ ახალი მოლაპარაკებების ეტაპის დაწყებამდე შეემოწმებინათ.

დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტოკაევის განცხადება წინასწარ შეთანხმებული გზავნილი იყო ტრამპისა და ზელენსკის ვაშინგტონის შეხვედრის წინ. თუმცა მოვლენების თანმიმდევრობა მაინც საყურადღებოა: ჯერ რუსეთის მოკავშირე საჯაროდ მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ, შემდეგ კი ვაშინგტონში მთავარი თემა კვლავ ომის შეჩერების გზების ძიება ხდება და არა მისი შემდგომი ესკალაცია. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ არანაკლებ შესაძლებელია, რომ საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომლის პერსპექტივებიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.