ეროვნული ბანკი – ბოლო თვეებში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების მატებაა

ეროვნული ბანკი – ბოლო თვეებში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების მატებაა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით დაიკლო.

ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო თვეებში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების მატებაა, რაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებას უკავშირდება.

„ივნისში დროებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ნავთობის ფასებს გარკვეული პერიოდი კლებადი ტენდენცია ჰქონდა. შედეგად, ივლისში საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასები მცირედით შემცირდა, თუმცა ხელახალი ესკალაციის შედეგად კვლავ გაიზარდა. რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ივლისში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავი ადგილობრივ ბაზარზე მცირედით გაიაფდა, რამაც თვის ინფლაცია 0.11 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სეზონური ფაქტორების გამო პომიდორის, კარტოფილის და ატმის გაიაფებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.33 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ხოლო ხახვის, ვაშლის და ყველის გაძვრებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.19 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

„წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი შესაბამისად, 23% და 36%-ით გაძვირებულია, ხოლო ჯამში საწვავის გავლენამ ინფლაციაზე 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი წლის საწყის თვეებთან შედარებით შემცირებულია. ივლისში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 4.9%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.4 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, საბაზო ეფექტის გამო, კარტოფილის წლიური გაიაფება მოქმედებდა (-0.3 პპ). ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე დეფლაციური ტენედენცია გრძელდება. კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა) ფასების კლებამ მთლიანი ინფლაცია 0.19 პპ-ით შეამცირა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა.

„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 3.2 პპ). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (4.4%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები ელექტროენერგიის გადასახდელსა (1.8 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.6 პპ) მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (4.4 პპ)“, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.