6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში, გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეწარმეები და ფლორისტები. ინფორმაციას საქართველოს ფლორისტთა, ყვავილების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
„ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ჩაატარებენ მასტერკლასებს როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
ზრდასრულებისთვის განკუთვნილი მასტერკლასი მოიცავს თაიგულის აწყობას, ხოლო პატარებისთვის ჩატარდება ყვავილების კომპოზიციის აწყობის მასტერკლასი. ასევე ბავშვებისთვის გაიმართება დეფილე საკუთარი ხელით აწყობილი ყვავილებით.
დასწრება თავისუფალია და ველით ყველას, ვისაც უყვარს ყვავილები და აინტერესებს ფლორისტიკა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ფლორისტთა, ყვავილების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაცია, რომელიც 2026 წლის იანვარში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა და განვითარება.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის ნიდერლანდების, იტალიის, ჩინეთის, თურქეთისა და იაპონიის საელჩოების წარმომადგენლები.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ ფესტივალს მომავალში ყოველწლიური სახე მიეცემა.
ღონისძიებაზე ველოდებით 200-მდე სტუმარს.
ღონისძიების ოქროს სპონსორია Silknet, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერი და სპონსორია თბილისის მერია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.