თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალია - 7.9%. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მისი მაჩვენებელი 4.9%-ით განისაზღვრა.
კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები წარადგინა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 925.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფულად გზავნილებს - მისი მოცულობა 11%-ით მეტია, ვიდრე 2025 წლის 6 თვის მონაცემები.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის მონაცემები გააცნო. მისი თქმით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 24 996 300 ათასი ლარით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში 12 514 898 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდა, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 50.1%-ია და 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 103%. რაც შეეხება გადასახადების ნაწილს, 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებელი 101.3%-ით შესრულდა.
გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებისა და უწყებების მიერ თანხების ათვისების მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 6 თვის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტრომ - 81.2%, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 91.8%, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - 81.6%, პროკურატურამ - 84% და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - 84.2% აითვისა.
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.