საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

თბილისში გამართულ სამუშაო სესიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქეთის მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თურქეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„თურქეთი ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს და ეს თანაბრად ვრცელდება ტურიზმის სექტორზეც. თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა შემომავალი ტურისტების თვალსაზრისით საქართველოსთვის. ვიმსჯელეთ არსებულ თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რაც საინტერესოა ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. ეს შეეხება გამოცდილების გაზიარებას, მთელ რიგ პროექტებს და თანამშრომლობას კერძო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ინდუსტრიის განვითარების დინამიკის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე გაამახვილა.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია კვაჭანტირაძე და თურქეთი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.