ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, როდესაც უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობები შეიქმნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთ-ამერიკის სამიტის შესაძლო გამართვას ეხებოდა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შედგეს, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ჩატარებას იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები შეთანხმების მიღწევისთვის იქნებიან მზად.
„მე ამის გაკეთება მაშინ მსურს, როდესაც სამშვიდობო გარიგების დადებისთვის ვიქნებით მზად“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მას პუტინთან შეხვედრა „დაუყოვნებლივაც“ შეეძლო.
„მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.