დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით
კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით.
„კონკრეტული ადამიანის ტრაგედიით მანიპულირება ყოფილი პრემიერის მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. როგორც ვიცით, რადიკალებმა აიტაცეს მის ბოლო წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები. ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც მისი, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების, მეხუთე კოლონის მხრიდან მანიპულაციებისთვის იმისთვის, რომ ისრები სხვისკენ და სხვა მოვლენებისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის დადასტურებული, სამწუხარო ფაქტი კონკრეტული პიროვნების თვითმკვლელობისა, რომლისგანაც ცდილობენ, გამოადნონ ისეთი მოცემულობა, რაც მათ წისქვილზე დაასხამს წყალს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული. გამოიკითხება სულ 10 ადამიანი.
პროკურატურის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი გამოძიებით უტყუარად არის დადასტურებული, თუმცა გაკეთებულმა განცხადებებმა, კონკრეტული ადამიანების გამოკითხვის აუცილებლობა გააჩინა.