შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება
23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.
მათივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.
„30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა - 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.
ამრიგად, ბლექ სი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.