სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება
სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმორჩილი სამეწარმეო სუბიექტებისა და საქონლის ტრანსპორტირებისთვის საბაჟო კონტროლისა და ფორმალობების გამარტივების მიზნით, ირანული მხარისგან შევიდა წინადადება სომხეთ-ირანის საზღვარზე „გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ შექმნისა და შესაბამისი საპროექტო გეგმის შემუშავების შესახებ.
„გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ დანერგვის მიზნით, მხარეები ელექტრონულად გაცვლიან ინფორმაციას საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების (მათ შორის, გადამზიდველებისა და მათი თანამშრომლების) შესახებ, ოქმით დადგენილი პირობების შესაბამისად.
დაგეგმილია, რომ „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საქმიანობაც საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის დაბალი რისკით ხასიათდება.
შეღავათები შეეხება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას (პირადი სარგებლობის ტრანსპორტის გამოკლებით) და სომხური თუ ირანული სუბიექტების მიერ გადაზიდულ ყველა ტიპის ტვირთს, რომლებიც „გამარტივებული საბაჟო დერეფნით“ ნებაყოფლობით საფუძველზე ისარგებლებენ.