ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.
დისტანციურ ფორმატზე მორგებული სასწავლო-პრაქტიკული კურსი სააგენტოს სასწავლო კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა და პროგრამა GCCA-ის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკაზე მორგებულ თეორიულ მოდულებს, მენტორობის სისტემასა და რეალურ პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა.
სტუდენტებმა ინტენსიური პრაქტიკა შესაბამის დეპარტამენტებში, ცენტრის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკით გაიარეს - ერთთვიანი კომპლექსური პროგრამა 31 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდა. უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალო ჩართულობით, მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეძლეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტების მოტივაცია და ონლაინ-სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაცია წარმატებულად შეაფასეს.
GCCA-ი რეგიონებში მყოფი ახალგაზრდებისთვის დისტანციურ ფორმატში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შეთავაზებას მომავალშიც გეგმავს.