ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა.

„საუბარი მქონდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ოლექსანდრ პოკლადთან. სამწუხაროდ, რუსული დრონი კიევში, ვოლოდიმირსკაიას ქუჩაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას შეეჯახა, რომელიც სოფიის ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს. ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარება გაეწევა“, - დაწერა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დრონი შენობის იმ ნაწილს შეეჯახა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტია განლაგებული.

„პოკლადს დავავალე, ამ დარტყმაზე რუსებს ადეკვატური, ხელშესახები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სარკისებური პასუხი გასცეს, როგორც კი ამისთვის ყველაფერი მომზადებული იქნება. ამ პასუხს ჩვენი სამხედროებიც მხარს დაუჭერენ“, - დასძინა მან.