ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან. ეს არის ის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა
რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს არის ის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა.
„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, რომელიც სწორედ ნიკა გვარამიას და მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლიდა. ვინც ამას თვალყურს ადევნებდა, მათთვის ნათელი იყო, ერთიანად დაინახეს თუ რა მეთოდებით, რა სისასტიკით, დაუნდობლობით ეპყრობოდნენ ისინი ადამიანებს, მოქალაქეებს, ბიზნესს. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში მუშაობდი და მოღვაწეობდი, თუ მათი ინტერესების მონა-მორჩილად გამტარი არ იყავი, შენზე მათი ეს რეპრესიული აპარატი მოქმედებდა.
ერთი რამეა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია მათი მუქარის და მათი რეპრესიის აღარ ეშინია. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან. ეს არის ის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქრა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.