თაზო დათუნაშვილი: ეს არ არის მუქარა, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან

თაზო დათუნაშვილი: ეს არ არის მუქარა, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან

გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება მუქარა არ იყო.

„ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის და ძველი მეგობრები არიან, მათ ჰკითხეთ, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან. ეს არ არის მუქარა. ჩემთვის ნინო წილოსანი აბსოლუტურად ნულოვანი პოლიტიკოსია, რომელიც ყველაფერს კადრულობს და რომლის პირიდანაც აბსოლუტურად ყველანაირი ბრალდება და სიბინძურე ამოდის ხოლმე, ყველას მიმართულებით, სხვათა შორის. გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა სრულ იდიოტიზმს, რომელითაც ისედაც განებივრებული ვყავრთ ქალბატონ წილოსანს. თურმე ახლა ნიკა გვარამია ალაპარაკებს „ქართული ოცნების“ ყველაზე შავრაზმელ ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ რაღაც საზღვრები ნინო წილოსანისნაირი ხალხისთვისაც არსებობს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.

„ნინო წილოსანს მივმართავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.