იაგო ხვიჩია: ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“
ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სიმღერებს ხალხი მღერის. ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობას“ პრინციპულობისკენ მოუწოდებს.
„ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცას დაიწყებენ და შემდეგ შუა გზაზე მიატოვებენ. ახლა მოვუწოდებ, გვარამიას და „ალიანსის“ განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანონ. დღეს ყველასთვის ცხადია პოლიტიკურ სპექტრში, რომ ეს იყო ხალხი, რომლებმაც, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით, ოპოზიციურ სპექტრს დედა უტირეს და ახლა „ოცნება“ პარლამენტში მარტო ზის მათი დამსახურებით. ანა წითლიძე ამას ადრეც ხვდებოდა, სულ ამბობდა, მაგრამ სათანადო მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია თავის პარტიაში. იმედი მაქვს, ახლა მოიპოვებს ამ მხარდაჭერას და „ვინ ვინ არის“ გარკვევის ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში ბოლომდე მივა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“.