სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებისთვის მასობრივად დარიცხული მაღალი გადასახადების შესწავლა დაიწყო.
მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასური დაერიცხათ უკვე მოქმედ აბონენტებს, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვის შემთხვევები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები.
აღნიშნული ქმედება არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს.