ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან
ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
„აშკარაა, რომ ევროკავშირი ჩართულია პროცესში და სომხეთთან განიხილავს რიგ საკითხებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან. ჯერ კიდევ ადრეა კონკრეტულ დეტალებზე ლაპარაკი, თუმცა მათ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ დისკუსიები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და როგორც კი ეს თემები მომწიფდება, ევროკავშირი სომხეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადავა“, - დასძინა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა.