გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჩინეთში დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჩინეთში დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თაიუენში გამართულ „დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს გამოცდილებასა და ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

ფორუმის ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანქსის პროვინციის ადმინისტრაცია იყო. ღონისძიებამ 35 ქვეყნიდან 180-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა, მათ შორის ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მინისტრების მოადგილეების დონეზე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მთავარი თემები იყო ენერგეტიკული ტრანზიცია, დაბალნახშირბადიანი განვითარება, ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიები და მწვანე განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთში ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მან ასევე მოინახულა ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოები და ჩინელ პარტნიორებთან საქართველოსა და ჩინეთს შორის ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.