მაია ომიაძე: მესამე კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ველოდებით

მაია ომიაძე: მესამე კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ველოდებით

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.

მაია ომიაძის თქმით, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებისა, სწორმა და თანმიმდევრულმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა, ხოლო ზაფხულის აქტიურ სეზონზე, ტურისტული ნაკადებისა და შემოსავლების თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკაა.

„წლის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი მოქმედებებისა, ჩვენ შევძელით ამ რეგიონის ტურისტული ბაზრებიდან დანაკარგების შემცირება. ამისათვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, სანამ ზაფხულის სეზონი დაიწყებოდა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაგვეყვანა მეორე კვარტალშივე. რაც შეეხება მესამე კვარტალს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. არ მინდა წინ გავუსწრო ციფრებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი მესამე კვარტალი იქნება. წლის ჭრილში, როგორც ტურისტების ოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით, წინა წელთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება", - აღნიშნავს მაია ომიაძე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, სტაბილური ზრდისა და რყევების პერიოდში ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია ახალი სამიზნე ბაზრების ათვისება და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გეოგრაფიის გაფართოებაა.

„ჩვენ რაც მოვახერხეთ და შევძელით, ეს არის ჩვენი თანმიმდევრული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგი. როდესაც ერთ ბაზარზე არ ხარ დამოკიდებული და მუშაობ რამდენიმე ბაზარზე, გარკვეული რყევების პერიოდში ახერხებ იმას, რომ გარკვეულწილად ჩაანაცვლო ან გადაიტანო ნაკადები ერთი ბაზრიდან მეორეზე. აქტიურად ვიმუშავეთ როგორც ჩინეთის მიმართულებით, ისე ევროპის და შუა აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით. დაინიშნა ახალი რეისები და არსებული სიხშირეები გაიზარდა", - აცხადებს მაია ომიაძე.