ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მორიგი სამმხრივი შეხვედრა შემოდგომაზე შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა ან შვეიცარიაში გაიმართოს

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მორიგი სამმხრივი შეხვედრა შემოდგომაზე შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა ან შვეიცარიაში გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მორიგი სამმხრივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრა შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა ან შვეიცარიაში გაიმართოს.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ასევე სხვადასხვა ქვეყნისგან მოწვევები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს ახალი სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზამთრის დადგომამდე, სექტემბერში ან ოქტომბერში.

რუსეთსა და აშშ-ში ამ განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ამ ფორმატში მოლაპარაკებები 2026 წლის ზამთარში აბუ დაბასა და ჟენევაში გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი ვერ მოიტანა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ „რამდენიმე კარგი და ღირსეული წინადადება“ ჩაიტანეს კიევში. თუმცა, „იქნება თუ არა შედეგი, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლოს ტრამპთან გეგმავს შეხვედრას, რათა უკრაინის სარაკეტო თავდაცვის საკითხი განიხილოს.

„ჩვენ ამერიკელებისგან ბალისტიკური რაკეტების პაკეტები გვჭირდება. მათ დეტალურად მოისმინეს, რა გვჭირდება და როდის გვჭირდება. ველოდები პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას სექტემბერში, ამ საკითხის წამოწევას და, ღმერთმა ქნას, შედეგიც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრ სახლს ორი პრეზიდენტის ახალი შეხვედრა ჯერჯერობით არ დაუნონსებია.