ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
როგორც ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრამპთან შეხვედარაზე განხილული იქნება მისი სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში.
„მათ [უიტკოფმა და კუშნერმა] ყურადღებით მოისმინეს, თუ რა და რა ვადებში გვჭირდება. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას და აღნიშნული თემის განხილვას 20 რიცხვებში ველი. ღმერთმა ქნას, რომ შედეგი გვქონდეს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ჩვენ სამმხრივი ფორმატისკენ მივდივართ. აქ სხვა დეტალებს ვერ გავასაჯაროებ. ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ჯერ ყველაფერს მოვამზადებთ, ხოლო შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტს განსაკუთრებულობა შესძინა იმ ფაქტმა, რომ ისინი მოსკოვსა და კიევში ჩავიდნენ.
„ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალი, არამედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე გაძლიერდა და უკრაინას მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიცია აქვს. სხვათა შორის, ამის შესახებ ამერიკული მხარეც საუბრობს. ამას აღიარებენ მათი სამხედროები და ანალიტიკოსები. ეს ფაქტია. 2025 წლის ბოლოდან ჩვენ ბრძოლის ველზე ვძლიერდებით. რუსეთს დიდი დანაკარგი და პატარა მიღწევები აქვს“, - აღნიშნა მან.