ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საქმე ეხება ახალ ბრალდებას, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებასა და ქრთამის აღებაში დახმარებას.

ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, გ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25, 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, გ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე მსჯავრდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ვასილ მხეიძე კი მსჯავრდებულია დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებაზეა და რვა წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.