ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რაც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რაც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

მოხარული ვარ იმ პროცესით, რაც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისი თქმით, დეტალები, რომელიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

„ძალიან საინტერესო ფაქტები გაასაჯაროვა ანა წითლიძემ. მისი დაპირისპირება გვარამიასთან და ის დეტალები, რაზეც ისინი საუბრობენ ბევრის მთქმელია. თუმცა ჩვენ თუ გავიხსენებთ 2024 წლის არჩევნებს, ალბათ ძალიან მარტივი მისახვედრი იყო და შედეგებშიც აისახა, რომ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ელექტორალური რესურსი გადმოქაჩა პარტია „ახალმა“, გვარამიას შექმნილმა პარტიამ და ამას, როგორც ჩანს კონკრეტულ საფუძველი ჰქონდა. რა თქმა უნდა მათში ეს პროცესი უბრალოდ მოტივირებული და აჟიტირებული ამომრჩევლით არ ისაზღვრება. მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი დაფინანსება. გაჟღერდა 40 მილიონი. ჩემთვის ეს ციფრი არ არის დაზუსტებული და მე ამაზე ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვიტყვი. თუმცა ეს არის ციფრი, რომელსაც ისინი თავად აბრალებენ ერთმანეთს. საინტერესო ის იყო, რომ თავის დაცვის მიზნით გვარამიამ თქვა, რომ გილაურთან სააკაშვილმა თავად მიაგზავნა, თუმცა როგორც ჩანს წითლიძეც და ის ფუნდამენტალისტი „ნაცებიც“ ყველაზე მეტად, რასაც აბრალებენ განდგომილ და გვერდით გასულ ყოფილ თანაგუნდელებს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყა და უღალატა. „ნაცმოძრაობისთვის“ მოსაზიდი თანხები პირადი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენა. ეს ყველაფერი ასე ერთბაშად გასაჯაროვდა.

ვხედავთ ასევე, აბსურდულ თავის მართლებებს თითქოს ეს „გირჩების“ აგორებული კამპანია არის. თუმცა ის, რითაც ისინი თავს იმართლებენ ფაქტია, რომ კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ ამ ყველაფერს. საინტერესოა ყველა ის წინადადება, რომელზეც ისინი საუბრობენ - ვინ იყო შუამავალი გილაურთან, ვის დასახელებაზეც თავს იკავებენ? რატომ იკავებენ თავს?“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს.