ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება, აგრესია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი პირი დაშავდა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს.
უკრაინის პრეზიდენტი რუსების მიერ მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიტანილ იერიშსაც გამოეხმაურა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმები ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონზეც განხორციელდა.
„გასულ ღამეს ოდესის რეგიონში, მოლდოვასთან საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, სტაროკოზაჩეს დაარტყეს. იქ ოპერაციები შეჩერებულია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მაშველებმა თექვსმეტი ადამიანის ევაკუირება შეძლეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ასევე მიმდინარეობს დნეპრის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჟიტომირის და კიევის ოლქებში რუსული თავდასხმის შედეგებთან გასამკლავებლად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება მომხდარზე საერთაშორისო საზოგადოების მცირე რეაგირებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, ვიდრე კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავრცელდება.
„სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალიან მცირე რეაგირება მოჰყვა დარტყმებს, რომლებიც ადამიანებს პრაქტიკულად ყოველდღე კლავს. თუმცა, რეაგირებაა საჭირო – მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება. აგრესია უნდა შეწყდეს აქ და ახლა, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიში მიიტანა. შემთხვევას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.