ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია გამოცხადებული, - განაცხადა „იმედის დილაში“ სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაინერგა. მისივე განმარტებით, სამინისტროში სტაჟირებაზე უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები და ერთი დღეა დარჩენილი იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ინტერესი გამოხატონ.
„ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანებული არის ძალიან ბევრი მიმართულება, მათ შორის: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ინოვაციები, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა. ყველა მიმართულებით გამოცხადებულია 195 ვაკანსია. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში მოხდეს სტუდენტების მოზიდვა.
„საჯარო სექტორი არის უდიდესი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. აქ მათ აქვთ შესაძლებლობა დაინახონ, თუ როგორ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება , კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ ამ სტაჟირების გავლის შემდგომ ახალგაზრდებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორშიც დაიმკვიდრონ თავი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეული კანდიდატები სამინისტროში გაივლიან სტაჟირებას.
„შემდგომ ეტაპზე შესაძლებლობა გვექნება, იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსიები იქნება და შესაბამის კვალიფიკაციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში. 2024–2025 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევძელით დაახლოებით 28 სტაჟიორის აყვანა სამსახურში. დაახლოებით 145 ვაკანსია იყო გამოცხადებული და 145 სტაჟიორი გვყავდა სისტემაში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე, ჩვენს სტრუქტურაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებში. შესაბამისად, აქედან 28 კანდიდატი უკვე ჩვენს სისტემაში მუშაობს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.