თაზო დათუნაშვილი – უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, არ ადარდებს, როგორ ცხოვრობს საშუალოსტატისტიკური ქართველი, არამედ ადარდებს საკუთარი ქონების მოხვეჭა
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი ინტერესიც არის მაქსიმალურად დიდ თანხა ამოიღოს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, რომ შემდეგ ეს თანხა უაზროდ გაფლანგოს და კორუფციაში დახარჯოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის ნაწილია 2021 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ძირითად სერვისებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები.
„ივანიშვილის რეჟიმმა გააორმაგა პირადობის მოწმობის აღების, ბიზნესის რეგისტრაციისა და ავტომობილის საშუალების რეგისტრაციის ხარჯები; გაასამმაგა მართვის მოწმობის აღებისა და ქონების რეგისტრაციის ღირებულება; 50%-ით გაზარდა პასპორტის ღირებულება. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო საჯარო რეესტრში 2022 წლის 1 იანვრამდე დაწყებული კოლოსალური აფიორა, რომლის მიხედვითაც, 25 ათასზე მეტ მეწარმეს უბრალოდ მონაცემების განახლება დაევალა საკუთარი კომპანიის შესახებ, უბრალოდ განახლება, რომელსაც არავითარი შინაარსი არ ჰქონდა და ამაში 25 ათასზე მეტმა მეწარმემ 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ანუ სახელმწიფომ არაფერში 4 მილიონ ლარზე მეტი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. თუ ბენზინის და დიზელის გაძვირება ბრალდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ირანში მიმდინარე პროცესებს, თუ სურსათზე ფასის გაძვირება ბრალდება იმას, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ადგილზე ვერაფერს ვაწარმოებთ, ისმის მარტივი კითხვა, ვისი ბრალია, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა, რომ სახელმწიფო სერვისებზე, რომელსაც არც წყალი სჭირდება, არც პური, არც საწვავი და არც იმპორტით შემოტანა, რატომ ძვირდება ფასები?! ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი – უცხოპლანეტელები თუ რეპტილიოიდები?!
ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ძარცვის და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია უახლესი სტატისტიკა, რომელიც წინა 6 თვის მონაცემებს ასახავს და რომლის თანახმადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში ჯარიმისა და საურავების სახით 127 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 152%-ით მეტია. სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ძარცვას და ყვლეფას უკვე არნახული მასშტაბები აქვს. ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმი მდიდრდება, მათ შორის, ასეთი უაზრო და ბოროტი ხარჯების დაკისრებით საქართველოს მოქალაქეებზე. ივანიშვილის რეჟიმის კორუმპირებული წარმომადგენლები მდიდრდებიან, ქვეყანაში ინვესტიციები ისევ არ შემოდის, ხელფასები ისევ არ იზრდება, პენსიას მხოლოდ 20 ლარი ემატება და მასაც ინფლაცია ჭამს, მოქალაქეების ჯიბეებიდან კი ათობით და ასობით მილიონ ლარს იღებენ სხვადასხვა მეთოდით. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, არ ადარდებს და არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობს საშუალოსტატისტიკური ქართველი, არამედ ადარდებს საკუთარი ქონების მოხვეჭა ასეთი უაზრო ხარჯების დამატებით ჩვენს ჯიბეზე“, – განაცხადა დათუნაშვილმა.